ახალი ამბები
ვლაქერნობაზე მეუფე გერასიმემ პრემიერი დალოცა და მადლობა გადაუხადა
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი ესწრება ამ დღესასწაულს,–ასე მიმართა ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ზუგდიდში „ვლაქერნობის“ დღესასწაულზე მყოფ პრემიერ–მინისტრს.
მანვე მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს დღესასწაულზე დასწრებისთვის და განაცხადა, რომ მიესალმება მთავრობის მეთაურის სურვილს–შეიწავლოს აფხაზური ენა.
„დიდ მადლობას გწირავთ იმ დიდი ღვაწლისთვის, რომელსაც თქვენ ჩვენი ქვეყნის მიმართ იჩენთ. ასევე, თქვენ ხართ ქართველი კაცი, რომელიც ყველაზე დიდ პატივს მიაგებთ ოჯახის სიწმინდეს. თქვენ ბრძანდებით ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით გამოხატავთ, თუ როგორი უნდა იყოს ოჯახი. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს შევავედროთ თქვენი და ჩვენი ხელისუფლების კეთილდღეობა, იმ ადამიანებისა, ვისაც უდიდესი ტვირთი აკისრიათ. დამერწმუნეთ, თქვენი ცხოვრება ღვთისმშობლის მფარველობით წარიმართება და წარმატებით დასრულდება ყველა იმ პროექტის აღსრულება, რომელიც გაქვთ წამოწყებული. თქვენ ერთხელ თქვით, რომ აპირებთ შეისწავლოთ აფხაზური ენა. ამან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. არც ერთ ჩვენს ხელისუფალს არ უთქვამს, მე ვისწავლი აფხაზურ ენას, რათა აფხაზებს თავინთ ენაზე ველაპარაკოო,“–აღნიშნა მეუფე გერასიმემ.
ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში შეკრებილ მომლოცველებს დღესასწაული მიულოცა ირაკლი ღარიბაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე „ვლაქერნობას“ აფხაზებთან ერთად ვიზეიმებთ.
„ის რომ ღვთისმშობლის კვართი საქართველოში ინახება, გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას. ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვეპყროთ ამგვარ სიწმინდეს და მადლობა ვუთხრათ უფალს ყველაფრისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, გაძლიერებას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას. როგორც მეუფე გერასიმემ ქადაგებაში ბრძანა, ჩვენ ერთ დღეს შევალთ აფხაზეთში და ჩვენს დებთან და ძმებთან ერთად ვიზეიმებთ „ვლაქერნობას“,“–განაცხადა პრემიერმა.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი დალოცა და მათ ღვთისმშობლის მფარველობა უსურვა.
„ამ დღის შემდეგ თქვენ იგრძნობთ ღვთისმშობლის დიდ მფარველობას. თქვენი აქ ყოფნა დასტურია იმის, რომ ვართ ერთიანნი. მინდა გითხრათ, რომ ტაძრის შესასვლელში თქვენს სახელზე ქვა დაიდება,“–მიმართა მეუფემ პრემიერ–მინისტრს და მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსის ხატი აჩუქა.
პრემიერ მინისტრთან ერთად მეუფე გერასიმემ გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას და კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაცემ. მიტროპოლიტმა ორივე მათგანს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსის ხატი აჩუქა.
„ვლაქერნობის“ დღესასწაულს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ დაესწრნენ.
"ვლაქერნობა" ანუ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის დადების დღესასწაული ყოველი წლის 15 ივლისს აღინიშნება. ღვთისმშობლის კვართი მუზეუმიდან გადააბრძანეს მშენებარე საკათედრო ტაძარში, სადაც ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ საზეიმო ლიტურგია აღავლინა. მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ საქრისტიანოს ამ უდიდეს სიწმინდეს. „ვლაქერნობას“ უამრავი მომლოცველი ესწრება.