ახალი ამბები
ანაკლიასა და განმუხურის სანაპირო ზოლის განახლების პროექტირება დაიწყო
2026-02-20 20:20:00
ანაკლიისა და განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურული განახლების პროექტირება დაიწყო. პროექტი 66.5 ჰექტარ ტერიტორიაზე სრულად განახლებული, მრავალფუნქციური და ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომი სარეკრეაციო სივრცის შექმნას ითვალისწინებს.
სანაპირო დაიყოფა ფუნქციურ ზონებად და მოეწყობა საბავშვო, საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები, სპორტული და რეკრეაციული ზონები, საფეხმავლო და ველო ბილიკები. დაგეგმილია არსებული ნაგებობების რეაბილიტაცია, ღია სცენისა და დეკორატიული ტბის მოწყობა, ასევე ანაკლიისა და განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის განახლება. პროექტი მოიცავს თანამედროვე საინჟინრო ინფრასტრუქტურის — განათების, სარწყავი, წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემების მოწყობას, ტერიტორიის გამწვანებას ადგილობრივი მცენარეული სახეობებით და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვას.
პროექტს ამუშავებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ნიუ ქონსთრაქშენ კაპიტალი“.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, არქიტექტორებთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან და ზუგდიდის მერთან დავით კოდუასთან ერთად ადგილზე განიხილა პროექტის დეტალები და სამუშაოების შემდგომი ეტაპები.


























