ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს მოსაწყობად „წინასწარი განხორციელებადობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია“ გაიმართა
2026-01-21 19:51:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს მოსაწყობად „წინასწარი განხორციელებადობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია“ გაიმართა. საკონსულტაციო ორგანიზაცია BDO-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულს და მუნიციპალიტეტების მერებს წარუდგინეს.
გადამამუშავებელი საწარმოს საჭიროება „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრების ბაზაზე ჩამოყალიბებული რეგიონული საკოორდინაციო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე დასახელდა.
„მინდა მადლობა გადავუხადო აწარმოე საქართველოს ხელმძღვანელობას ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი რეგიონული საწარმოს შექმნის მიზნით აქტიური მუშაობისთვის. ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც ეკონომიკური ასევე სოციალური ფაქტორის გათვალისწინებით. სოფლად მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს დროულ რეალიზებას მოწეული პროდუქტის, ასევე პრობლემაა დაბალი კლასიფიკაციის ხილისა და ბოსტნეული რეალიზება - ამ საჭიროებებს საწარმო გადაჭრის და პროცესში არაერთ ფერმერსა და სოფლად მცხოვრებ მოქალაქეს ჩართავს“, განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.
შეხვედრაზე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძემ, სააგენტოს მიმდინარე პროგრამები განიხილა და რეგიონის საკონსულტაციო ცენტრის მუშაობის ანგარიში წარადგინა.
2024-2025 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უპროცენტო სესხის 280 ბენეფიციარზე გაიცა. გაწეული სესხების რაოდენობამ კი 12,5 მილიონი ლარი შეადგინა.
ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ ინტერმუნიციპალური საწარმოს მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზი გაუსვა ადგილობრივების დასაქმებას, ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო პროგრამებზე, რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეებს სხვადასხვა კულტურების გაშენებაში და მიმართულია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის. ზუგდიდის მერმა „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელობას პროექტზე სიღრმისეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
რეგიონის მუნიციპალიტეტების მერების და დამსწრე აუდიტორიის ჩართულობით, მოხდა მსჯელობა სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის მომავალში საწარმოს ტერიტორიის განსაზღვრის თემაზე.


























