ახალი ამბები
დავით ვერავამ, თანამშრომლებს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ახალი უფროსი გიგა მელია წარუდგინა
2025-11-26 15:32:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, თანამშრომლებს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ახალი უფროსი გიგა მელია წარუდგინა. გიგა მელიამ აღნიშნულ თანამდებობაზე ნუგზარ გაბელია შეცვალა, გაბელია კი ზუგდიდის მერის მოადგილედ დაინიშნა.
გიგა მელიას სახელწიფო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის 2019 წლიდან დღემდე ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. მანამდე კი გიგა მელია ზუგდიდის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურში ინსპექტირების განყოფილების უფროსი იყო, ასევე მუშაობდა ზედამხედველობის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების მთავარ სპეციალისტად, 2015-2017 წლებში გიგა მელია საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის სოციალური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
„მინდა წარმატებები ვუსურვო გიგას, ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, რეგიონის მასშტაბით ჩვენ ძალიან ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ, შესრულებული სამუშაოების ხარისხი და პროექტების დროულად განხორციელება ეს იქნება მთავარი მიმართულება რაზეც ეს სამსახური პასუხისმგებელია. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ნუგზარ გაბელიას, ადამიანს, რომელმაც ამ სამსახურში ათ წელზე მეტი გაატარა და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში იყო ჩართული, მადლობა მას თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ნუგზარს ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე“ - განაცხადა დავით ვერავამ.


























