ახალი ამბები
სახელმწიფო რწმუნებული მარტვილში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

მარტვილში დაგეგმილი პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, მუნიციპალიტეტის მერთან, მერის მოადგილეებთან და სამსახურის უფროსთან ერთად გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ განიხილა.
ხელისუფლების წარმომადგენლები დღესვე ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის დირექციას და მარტვილის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელს შეხვდნენ. სოფელში სკოლა 1927 წლიდან ფუნქციონირებს და დიდი ისტორიის მქონეა. სკოლის დირექტორის განმარტებით საჭიროა ახალი სკოლის მშენებლობა. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, „განათლების სამინისტროს ჩართულობით მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ვეცდებით, ჩვენს რეგიონში კიდევ ერთი ახალი სკოლა ავაშენოთ“.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებული მარტვილის მერთან, თორნიკე ჯანაშიასთან ერთად, აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯოლევის უბანში საავტომობილო ხიდის მოწყობის პროცესს ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში ეწყობა ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი. მდინარეზე არსებული ხიდი სტიქიის დროს დაზიანდა და მასზე გადაადგილება საფრთხეს წარმოადგენდა. ხიდის მშენებლობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 499 200 ლარით ფინანსდება.
სახელმწიფო რწმუნებული დღესვე, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მშვიდობის ქუჩაზე კეთილმოწყობის ცენტრის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, რომელიც დასრულების ფაზაშია. პროექტის ფარგლებში მოეწყო ადმინისტრაციული შენობა, სასაწყობე შენობა, ავტოფარეხი და სამრეცხაო, ასევე კეთილმოეწყობა ეზო. განათლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ცენტრის კიდევ უფრო გამართულად მუშაობას და სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას.
დავით ვერავა მშვიდობის ქუჩისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოებსაც გაეცნო, რომელიც ასევე დასრულების ფაზაშია. პროექტის ფარგლებში ეწყობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი. პროექტი ხელს შეუწყობს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. სტადიონის მოწყობის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.