ახალი ამბები
ანაკლიაში ,,მომავლის ბანაკი'' გაიხსნა
5 ივლისს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საზეიმოდ ანაკლიაში საზეიმოდ გაიხსნა ,,მომავლის ბანაკი". ბანაკს გუშინ მოსწავლეების პირველი ნაკადი ესტუმრა. გახსნის ცერემონიალს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი , სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მისი მოადგილე კაბერ რუსია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა. წლევანდელ სეზონზე „მომავლის ბანაკი“ 1728 მოზარდს მიიღებს.
„მომავლის ბანაკს" პირველ ნაკადზე საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციის მიერ შერჩეული „ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის" 12-18 წლის, 288 მონაწილე სტუმრობს. ახალგაზრდები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში მიღებენ მონაწილეობას და გამოვლინდებიან გამარჯვებული სკოლები სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური ეტაპის აღსანიშნავად ბანაკში ოლიმპიური ცეცხლი აინთო. 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, ოლიმპიურმა ჩირაღდანმა თითქმის მთელი საქართველო მოიარა, 5 ივლისს ცეცხლი ანაკლიის ბანაკში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ აანთო.