ახალი ამბები
ოლიმპიური ცეცხლის ზუგდიდში შემოსვლა გრანდიოზულად აღინიშნა
ოლიმპიური ცეცხლის ზუგდიდში შემოსვლა გრანდიოზულად აღინიშნა. ქალაქის შესასვლელთან ოლიმპიურ ჩირაღდანს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მხარის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. ოლიმპიური ცეცხლი ზუგდიდში ჭადრაკში ხუთგზის ჩემპიონმა წარმოშობით ზუგდიდელმა ნონა გაფრინდაშვილმა შემოიტანა და ესტაფეტა ახალგაზრდა სპორტსმენებს გადასცა, ოლიმპიური ჩირაღდანი კი სცენაზე გამოჩენილმა ფეხბურთლმა ოთარ გაბელიამ აიტანა. ოლიმპიურ ცეცხლის შემოსვლას ზუგდიდის ქუჩებში ათასობით ადგილობრივი შეხვდა.
ზუგდიდის ახალ პარკში საგანგებოდ დადგმულ სცენაზე ოთარ დანელიამ და ლევან შონიამ მეჩირაღდნეები და გამოჩენილი სპორსმენები ოლიმპიური სიგელებით დააჯილდოვეს და შეკრებილ მოქალაქეებს ისტორიული დღე მიულოცეს. რის შემდეგაც გრანდიოზული კონცერტი გაიმართა.
ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლა ზუგდიდელებს ანრი ჯოხაძემ, ლელა წურწუმიამ, მაია ჯაბუამ, რუსა მორჩილაძემ, ნუკრი კაპანაძემ და სხვა ქართველმა ვარსკვლავებმა მიულოცეს. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ოლიმპიური ცეცხლი ზუგდიდში ხვალ, 2 ივლისსაც დარჩება და დადიანების სასახლეთა ეზოში განთავსდება. ცეცხლისამეგრელოში 27 ივნისს შემოვიდა და უკვე მოიარა ფოთი, ხობი, სენაკი, მარტვილი, აბაშა და ჩხოროწყუ. 3 ივნისს ოლიმპირ ცეცხლს წალენჯიხაში, ხუთ ივნისს ანაკლიაში, 6 ივნისს კი მესტიაში აიტანენ. ოლიმპიური ჩირაღდანი ევროპის ყველაზე მაღალ სოფელ უშგულსაც დაიპყრობს, რის შემდეგაც მას დედაქალაქში ჩაიტანენ.
ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში ათენიდან 28 მაისს ჩამოიტანეს და მას შემდეგ რეგიონებში მოგზაურობს. ზუგდიდამდე ოლიმპიურმა ცეცხლმა საქართველოს 54 მუნიციპალიტეტი მოიარა.
2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 26 ივლისს გაიხსნება.