ახალი ამბები
ვიცე-გუბერნატორი გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
26 ივნისს, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და სამთავრობო სტრუქტურების შესაძლებლობების გაზრდაზე, ერთობლივი დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით, ენერგეტიკული პოლიტიკის გაუმჯობესების სფეროში, მდგრად ენერგო - ალტერნატივებზე, ფოკუსირებით“ ფარგლებში, შედგა შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე კობა ქანთარიასთან. პროექტი მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო და მისი გავრცელების არეალია ხობის მუნიციპალიტეტი.
შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორმა ნინო ურიდიამ ისაუბრა პროექტის მიმდინარეობაზე და მის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სამიზნე სოფლებში ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ვიცე-გუბერნატორმა კობა ქანთარიამ გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყოს რეგიონში პროექტის წარმატებით განხორციელებას და აქტიურად ითანამშრომლოს „მწვანე მომავალთან“. თავის მხრივ, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ასოციაცია „მწვანე მომავლი“გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას გუბერნიასთან და მის შემადგენლობაში შემავალ მუნიციპალიტეტებთან და თემებთან.
პროექტი რეგიონში მიმდინარეობს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში და მისი მიზანია გარემოს დაცვითი მმართველობის გაუმჯობესება და ახალი ენერგეტიკული პოტენციალის შექმნისთვის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების გააქტიურებით, მათი ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები ხობის მუნიციპალიტეტში, ხოლო პროექტის დასასრულს იგეგმება დიდი რეგიონალური კონფერენციის ჩატარება ზუგდიდში, სადაც შეფასდება პროექტის მიმდინარეობის შედეგები.