ახალი ამბები
სოფელ დარჩელში თხილის საშრობი და სასაწყობე ინფრასტრუქტურა აშენდება
მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ, დღეს გამართულ სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა თხილის წარმოების განვითარების ხელშეწყობის გეგმებზე იმსჯელა. საბჭოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში თხილის საშრობი და სასაწყობე ინფრასტრუქტურა აშენდება.
„თხილის წარმოების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის შექმნას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. შეირჩა რამდენიმე რეგიონი, სადაც შეიძლება ამ დარგის განვითარება. დარგი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან სერიოზული საექსპორტო პოტენციალის მატარებელია. ვგეგმავსთ ამ ეტაპზე დარჩელში ავაშენოთ თხილის საშრობი და სასაწყობე ინფრასტრუქტურა, რომელიც გააერთიანებს მინიმუმ 500 ოჯახს. ეს იქნება პირველი საპილოტე პროგრამა," - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სხდომის დასრულების შემდეგ.
საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტი დაემატება - წარმოების აღორძინების და გადამამუშავებელი მრეწველობის ხელშეწყობის კვალდაკვალ, სახელმწიფო სასტუმროების ხარისხსა და სტანდარტებზე ზრუნვას იწყებს. ინფრასტრუქტურის წახალისების სქემა დღეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
მეწარმე, რომელსაც სურს რეგიონში ააშენოს ახალი სასტუმრო, ან გააფართოოს უკვე არსებული, ბანკში სესხის დამტკიცების შემთხვევაში, ისარგებლებს სახელმწიფო თანადაფინანსების სქემითა და გირაოს უზრუნველყოფაში თანამონაწილეობით. პროგრამა აგვისტოდან ამოქმედდება.
„პროგრამაში მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც, გარდა თბილისის და ბათუმისა, საქართველოს რეგიონებში ააშენებს ახალ სასტუმროს ან გააფართოებს არსებულს. პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: სესხის პროცენტის თანადაფინასება და გირაოს უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა; ასევე, თუ მეწარმე გადაწყვეტს, რომ საერთაშორისო ოპერატორი შემოიყვანოს საქართველოში, ჩვენ მზად ვართ პირველი 2 წელი ბრენდის ოპერირების ხარჯის თანამონაწილეობაში შევიდეთ, რაც ხარისხისა და სტანდარტებს უზრუნველყოფს. მესამე კომპონენტი კი ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებას-პროგრამები, ტრენინგები, კვალიფიკაციის ამაღლება, მარკეტინკის გაუმჯობესება," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა.
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს რკინიგზის მოდერნიზაციის განახლებული პროექტი, რომელიც ეხება ზესტაფონი-ხაშურის მონაკვეთზე გამტარუნარიანობის ზრდას. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის ამაღლებას.