ახალი ამბები
ზუგდიდში „მაკდონალდსი“ გაიხსნა
საქართველოს მასშტაბით, რიგით მე-7 რესტორანი, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად ზუგდიდში დღეს „მაკდონალდსი“ გახსნა.
ევროპული ტენდენციების მიხედვით შექმნილი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი რესტორანი უპრეცენდენტოდ მოკლე ვადაში - 5 თვეში აშენდა და განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 5.2 მილიონი ლარი შეადგინა. რესტორანში დასაქმებულია 70 ახალგაზრდა.
„ეს არის უნიკალური პროექტი. მსგავსი ტექნოლოგიებით გაკეთებული რესტორანი მეხუთეა ევროპაში და მისასალმებელია, რომ ის ზუგდიდში გაიხსნა. რესტორნის გახსნაში აქტიურად იყო ჩართული გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლება. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო აშშ-ის ელჩს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი. ჩვენ გვიხარია, რომ კიდევ ერთი ამერიკული რესტორანი გაიხსნა საქართველოში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, ბიზნესმენი თემურ ჭყონია ზუგდიდის საპატიო მოქალაქედ დასახელდეს.