ახალი ამბები
ანაკლიაში პორტის მშენებლობით დაინტრესებული „ჩინდაო პორტ ინტერნეიშენალის“ წარმომადგენლები და ჩინეთის ელჩი იმყოფებოდნენ
ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებული უმსხვილესი ჩინური პორტ-ოპერატორის, „ჩინდაო პორტ ინტერნეიშენალის“, წარმომადგენლები ანაკლიაში იმყოფებოდნენ და მომავალი ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორია დაათვალიერეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ქართველ და უცხოელ ინვესტორებთან ერთად, ანაკლიის ტერიტორია ჩინეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იუებინს და მის ეკონომიკური ატაშეს,ლიუ ბოს დაათვალიერებინა. ინვესტორები პორტის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცვნენ და ანაკლიის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღეს.
„ჩინდაო პორტ ინტერნეიშენალი“ (Qingdao Port International Ltd.) - ჩინეთის ქალაქ ჩინდაოს უმხვილესი პორტ-ოპერატორია, რომელიც გამოთქვამს დაინტერესებას, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ერთად, მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევა გასული წლის აგვისტოში გამოაცხადა. პროექტთან დაკავშირებით ინტერესი ოფიციალურად გამოხატა თორმეტმა საერთაშრისო და ადგილობრივმა კომპანიამ, რომელთაგან, სამთავრობო კომისიის გადწყვეტილებით, 7 შევიდა ე.წ. ,,მოკლე სიაში”.
წინასწარი გათვლებით, პორტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა 100 მლნ ტონა იქნება. თუმცა შვიდ ეტაპად გაწერილი მშენებლობის პირველი სამი ეტაპი, მშენებლობის დაწყებიდან 12 წლის ვადაში არანაკლებ 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს (მესამე წელს - 7 მლნ ტონა, მეშვიდე წელს - 20 მლნ ტონა და მეთორმეტე წელს არანაკლებ 40 მლნ ტონა).
პორტის გარდა, ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა. გეგმის მიხედვით პორტის მშენებლობა 2016 წელს უნდა დაიწყოს.
საქართველოში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, „ჩინდაო პორტ ინტერნეიშენალისა“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმამდე“ ანაკლიაში უკვე იმყოფებოდნენ BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A-სადა ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA)-ს წარმომადგენლები.