ახალი ამბები
ანაკლიაში პორტის მშენებლობით დაინტერესებული ქართულ-ჩინური კონსორციუმი იმყოფებოდა
დაინტერესებული კომპანიები ანაკლიის მომავალი პორტის ადგილმდებარეობას ეცნობიან. დღეს დილიდან ანაკლიაში იმყოფებოდნენ ქართულ-ჩინური ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK-ის წარმომადგენლები, მათ მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსმა დავით ჯავახაძემ ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორია ადგილზე დაათვალიერებინეს.
ინვესტორები პორტის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ და ანაკლიის კანიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ეს ანაკლიაში ქართულ ჩინური კონსორციუმის რიგთ მეორე შეხვედრაა. ტერიტორია ადგილზე უკვე დაათვალიერეს BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A-სა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა, დარჩენილი 4 კომპანია კი თვის ბოლომდე ეწვევა მომავალი პორტის ტერიტორიას.
ტექნიკური და ფინანსური წინადადებების სათანადოდ მომზადების მიზნით, დაგეგმილია ყველა კანდიდატი კომპანიის წარმომადგენლების მიერ ნავსადგურის ადგილმდებარეობის დათვალიერება და განმარტებითი შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვა შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს №1375 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით გამოაცხადა მოწვევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ. პროექტთან დაკავშირებით ინტერესი ოფიციალურად გამოხატა თორმეტმა კომპანიამ, რომელთაგან 7 სამთავრობო კომისიის გადწყვეტილებით შევიდა ე.წ. ,,მოკლე სიაში”, რომლებმაც მიმდინარე წლის 16 აპრილს უნდა წარმოადგინონ თავიანთი ტექნიკური და ფინანსური წინადადებები (RFP) პროექტთან დაკავშირებით.
პორტის გარდა, ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება ის 7 ფაზად იქნება დაყოფილი. საბოლოო ჯამში პორტმა 100 მილიონ ტონა გამტარუნარიანობას უნდა მიაღწიოს.