ახალი ამბები
სამეგრელოს რეგიონში ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები გრძელდება
სამეგრელოში ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად განახორციელებენ.
აბაშასა და წალენჯიხაში, სამუშაოების მიმდინარეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. მავნებლის საწინააღმდეგოდ სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში 48 ათასამდე ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და გამოცდილია საქართველოში.
შეწამვლის ღონისძიებების არეალი იმ მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ჩაატარა.
სახელმწიფო პროგრამით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში თხილის ნარგავების (რომელთა ფართობი არ აღემატება 1,5 ჰექტარს) დამუშავება ზურგსაკიდი ძრავიანი შემასხურებელი აპარატებით. შეწამვლითი სამუშაოები 48 544 ჰექტარზეა დაგეგმილი. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც აპრობირებულია საქართველოში. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, ჰექტარ-ნახევრიდან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემათ.
მონიტორინგის ფარგლებში 15 ათასამდე მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგი დამონტაჟდა. შეიქმნა ინტერაქტიული რუკა, რომელზეც მავნებლის გავრცელების შესახებ მონაცემები აისახება. ღონისძიებების ჩატარებისთვის პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების მიზნით შესაბამისი სწავლებები ჩაუტარდა იმ პირებს, ვინც ქიმიური წამლობის ღონისძიებებშია ჩართული. ჩატარდა აქტიური საინფორმაციო კამპანია ფერმერთა ცნობიერების ამაღლებისთვის.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ხორციელდება.