ახალი ამბები
''მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰესების მშენებლობა იწყება
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე „მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ.
„მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ი იქნება, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარია. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
„ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ მიმართული ძალისხმევა ნელ-ნელა გვაახლოვებს სასურველ მიზანს. თითოეული ასეთი ენერგოობიექტი არის ერთი ნაბიჯით წინ წაწევა ჩვენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სასურველი მიზნისკენ. თითოეული ენერგოობიექტი ჩვენს დღევანდელობაში, ჩვენი პროგრესის გზაზე, არის მნიშველოვანი და საჭირო, მეტიც დროული დახმარება ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების მიმართულებით. რაც შეხება მესტიის რაიონს, ჩვენი ხელისუფლების დიდი სურვილია და ძალისხმევა, მოხდეს დეცენტრალიზაცია, რეგიონების სრული განვითარება და მოსახლეობის ადგილზე არა მარტო დასაქმება, არამედ დოვლათის შექმნაში ხელშეწყობა. დასვენების, სწავლის და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და პირობების შექმნით. ამ კასკადის მშენებლობის ფონზე განვითარდება არა მარტო მიმდებარე ტერიტორია და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ უზრუნველყოფილი იქნება მეტე უსაფრთხოება, დამონტაჟდება შესაბამისი აპარატურა, მოეწყობა მდინარის ნაპირსამაგრები, ჩატარდება მეწყერის პრევენციის შესაბამისი სამუშაოები. ნებისმიერი ენერგოობიეტის მშენებლობა ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიის დასახლებების მოწესრიგებას, რეაბილიტაციას და ინფრასტრუქტურის მოწყობას დასვენებისთვის, ტურისტებისთვის და უპირველეს ყოვლისა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენი ქვეყნის წინსვლა დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის მუხლჩაუხრელ შრომაზე, ყველამ თავის ადგილას მასზე დაკისრებული საქმიანობა უნდა შევასრულოთ პირნათლად და ხარისხიანად. ეს იქნება ის ძალა, რაც ჩვენს საქართველოს გამარჯვებამდე მიიყვანს. ჩვენი ქვეყნის გამარჯვება კი ყველა მოქალაქის, ჩვენი მეგობრების თუ პარტნიორების სურვილია. ვიყოთ ერთიანები ამ მიზნის მიღწევაში და ერთად ვიხილოთ ამ პროგრესის შედეგები.“ - განაცხადა კახა კალაძემ.
„საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების დიდი პოტენციალი, რაც მნიშვნელოვანია როგორც ენერგიის შიდა მოხმარების უზრუნველყოფისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგანაც შესაძლებელია ამ გზით გამომუშავებული ენერგიის ექსპორტზე გატანა. მესტიაში, ჰესების მშენებლობა შეადგენს საქართველოში „ბიჯეო“ ჯგუფის განახლებადი ენერგიის პლათფორმის ნაწილს. „ბიჯეო ჯგუფის“ გეგმის მიხედვით, ხსენებული პლათფორმა მოიცვას ჯამში 100 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის მქონე საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურებს და 20-20 მგვტ სიმძლავრის მქონე ქარისა და მზის ელექტოსადგურებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში დიდი პოტენციალია ქარისა და მზის ენერგიის კუთხით. საერთო ჯამში, „ბიჯეო“ ჯგუფი შემდეგი 5-დან 7 წლის განმავლობაში, მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, სწორედ ენერგეტიკის სფეროში“-განაცხადა „ბიჯეო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
ჰესების მშენებლობას სს „სვანეთი ჰიდრო“ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით განახორციელებს. მშენებლობა განხორციელდება დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, კაშხლის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე, სადაწნეო მილსადენის პრინციპით, რაც გამორიცხავს პროექტის მნიშვნელოვან ზეგავლენას გარემო პირობებზე.
ჰესების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ენერგოსისტემას 175 მლნ კვტ/სთ შეემატება.
„მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
სს „სვანეთი ჰიდროსა“ და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სს „სვანეთი ჰიდრო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თავისი ინიციატივით განახორციელებს დაბა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებას, რისთვისაც გამოიყოფა დაახლოებით 600 000 ლარი.
ამასთან, პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება მესტიის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები, რაც წინასწარი გათვლებით პროექტის გაშვებიდან პირველივე წელს თანხობრივად შეადგენს დაახლოებით 1 500 000 ლარს (ქონების გადასახადი და მიწით სარგებლობის გადასახადი).
აღნიშნულ პროექტს ახორციელებს სს“ სვანეთი ჰიდრო“, რომლის დამფუძნებლებიც არიან სს“ საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ (65%) და ენერგეტიკულ სექტორში 30 წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიული კომპანია RP Global Investment (35%).
ხოლო თავის მხრივ „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ წარმოადგენს საინვესტიციო ჯგუფი "ბიჯეო“-ს შვილობილ კომპანიას.