ახალი ამბები
პრემიერი და გუბერნატორი ახალგაზრდა გამომგონებლებს შეხვდნენ
იაზროვნეთ არასტანდარტულად, ყოველთვის იფიქრეთ, რომ არ აირჩიოთ ჩვეულებრივი გზა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016-2017 წლების ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდა გამომგონებლებს, რომლებსაც დღეს ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში შეხვდა. გამარჯვებულმა გუნდის Smart Kids-ის წევრები სენაკში, მე-8კლასის მოსწავლეები არიან, ხოლო მათი პროექტის სახელწოდებაა - „გეოლოგიური საფრთხეები".
ინოვაციური პროექტი წარმოადგენს შეტყობინების სისტემას მეწყერსაშიში ზონებისთვის, რომელიც განსაკუთრებული სიზუსტით, საიმედოობითა და სტაბილურობით გამოირჩევა. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვების შედეგად, გუნდი 2017 წლის 1-5 მაისს მონაწილეობას მიიღებს შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის ეროვნული სააგენტოს (NASA) უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. პრემიერმა ახალგაზრდა გამომგონებლებს მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ახალი ტექნოლოგიური პარკი ნიჭიერ ახალგაზრდებს, მსგავსი ინოვაციური იდეების ხორცშესხმაში შეუწყობს ხელს. "ინოვაციების ცენტრის სიმბოლო არის საფრენი აპარატი ფილმ "შერეკილებიდან" და იმიტომ, რომ თუ ადამიანმა არასტანდარტულად არ იაზროვნე და ინოვაციურად არ იფიქრე, დიდ შედეგს ვერ მიაღწევ. იქნები წარმატებული, მაგრამ ვერ იქნები ძალიან წარმატებული.
ძალიან წარმატებულები რომ ვიყოთ, არაორდინალურად უნდა ვიაზროვნოთ. ეს არის მთავარი ხაზი, რასაც ეს ცენტრი ემსახურება", - მიმართა პრემიერმა ახალგაზრდა გამომგონებლებს. გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო და ესაუბრა ახალგაზრდა ინოვატორებს, რომლებიც ტექნოპარკში სხვადასხვა პროექტზე მუშაობენ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტექნოლოგიური პარკები ყველა ქალაქში გაიხსნება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობაში არსებული პოტენციალის ათვისებას. "ყველგან მივცემთ საშუალებას ახალგაზრდებს, გახდნენ დამსაქმებლები და შექმნან საკუთარი, ინოვაციასა და მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესი. ტექნოლოგიური პარკის სიმბოლო გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომლითაც უნდა იყოს გამსჭვალული თითოეული ახალგაზრდა, რომელიც ამ ცენტრში შემოაბიჯებს - იაზროვნოს არაორდინალურად, განსხვავებულად და შექმნას პრობლემების გადაწყვეტის ისეთი გზები, რომელიც ახალ ბიზნესს მისცემს მიმართულებას. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატებით შევასრულებთ", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა დამწყები ბიზნესის - "სტარტაპის" დაფინანსების ფონდის შესახებ, რომელმაც უკვე 60-ზე მეტი ახალი წინადადება დააფინანსა და ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს. "ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან. პირველი დაფინანსების ციკლი შედგა საერთაშორისო საბჭოს განხილვის შედეგად, რომლის ფარგლებში, თბილისში მოწვეული გვყავდა "სილიკონ ველიდან", კალიფორნიიდან, წამყვანი დირექტორები და კომპანიების მმართველები, რომლებმაც ტრენინგი ჩაუტარეს ადგილობრივ დამწყებ მეწარმეებს. შემდგომ ეტაპებზეც აუცილებლად გვექნება საერთაშორისო ჩართულობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, ჩვენი მოქალაქეები აღვზარდოთ ამ სულისკვეთებით",- აღნიშნა პრემიერმა. ახალგაზრდებმა გიორგი კვირიკაშვილს ტექნოლოგიური პარკის გახსნისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ცენტრი მათ ინოვაციური იდეების ხორცშესხმაში დაეხმარება.
პრემიერი ახალგაზრდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად შეხვდა.