ახალი ამბები
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში საფეხბურთო სკოლის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს
2017 წლის მაისიდან მარტვილის მუნიციპალიტეტში, ფეხბურთით დაინტერესებულ მოზარდებს საშუალება ექნებათ, კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და ჩაატარონ საფეხბურთო ტურნირები. ახალ საფეხბურთო სკოლაში იქნება სავარჯოში დარბაზი, მედპუნქტი, სასადილო, სამრეცხაო და 8 ოთახი სტუმრად ჩასული სპორტსმენებისთვის. ასევე, გათვალისწინებულია ეზოს კეთილმოწყობა. სამშენებლო სამუშაოებზე 30 ადგილობრივია დასაქმებული.
სოფელ სერგიეთში საფეხბურთო სკოლა ძველი კოლმეურნეობის შენობის ბაზაზე შენდება. ამ ეტაპზე, კომპლექსურად მიმდინარეობს: სადემონტაჟო სამუშაოები, კედლებისა და ტიხრების მშენებლობა, ფანჯრებისა და ვიტრაჟების მონტაჟი, ელექტროობის, ვენტილაციისა და გათბობის სამუშაოები. რეკონსტრუქცია - რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ტარდება. პროექტით გათვალისწინებულია: ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის აშენება, კანალიზაციის, გათბობისა და ვენტილაციის სისტემების დამონტაჟება.
სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ, მარტვილის გამგებელტან ერთად დაათვალიერეს.
საფეხბურთო სკოლის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაცია 2016 წლის ნოემბერში დაიწყო. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის მაისში იგეგმება.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.