ახალი ამბები
რეგიონის გუბერნატორებთან მყარი ნარჩენების თემაზე შეხვედრა გაიმართა
მყარი ნარჩენების მართვის საკითხზე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი და ამავე სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი მინდია ღლონტი სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორებს შეხვდა.
შეხვედრას, რომელიც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა გუბერნატორებთან და მათ მოადგილეებთან ერთად ამავე რეგიონების გამგებლები, მერები და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მყარი ნარჩენების საკითხზე მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება და საჭიროებები განიხილეს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 144 ნაგავმზიდი მანქანა და 7209 ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა. ტექნიკა საქართველოს 66 სხვადასხვა მუნიციპალიტეტს გადაეცემა. პროექტის ჯამური ღირებულება 12 მლნ ევროა.
შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ აღნიშნა, რომ ტურისტული სეზონისთვის საჭიროა ნაგავშემკრები კონტეინერების დამატებით შეძენა ზღვისპირა კურორტებისთვის, ასევე მარტვილის, მესტიის, ზუგდიდის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებისთვის.