ახალი ამბები
ზუგდიდში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა
ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში, საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა. ტრადიციული ალილოს მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა სასულიერო პირებმა, მრევლმა და სტიქაროსნებმა მიიღეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმადგენლები მსვლელობის მონაწილეებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეუერთდნენ და მათ საშობაო ნობათი გადასცეს.
ალილოს მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა საზეიმო პარაკლისი აღავლინეს.
საშობაო ნობათი სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს გადაეცემათ.
მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული ალილო ყოველწლიურად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 7 იანვარს იმართება.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს.