ახალი ამბები
წალენჯიხის კულტურის სახლს სრული რეაბილიტაცია უტარდება
წალენჯიხაში კულტურის სახლს სრული რეაბილიტაცია უტარდება. ავარიულ შენობაში მთლიანად იცვლება შიდა და გარე ინტერიერი, სცენა, დარბაზი, საგრიმიოროები და სარეპეტიციო ოთახები. დამონტაჟდება განათების, კონდიცირების და გათბობის თანამედროვე სისტემები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დათო კოდუამ, წალენჯიხის გამგებელმა ბესო ფარცვანიამ და მისმა მოადგილემ გიორგი ლუკავამ დაათვალიერეს.
„ეს არის ყოფილი კინოთეატრის შენობა, რომლის რეაბილიტაციასაც ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში ელოდებოდა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების კულტურის სახლი, სრულად აღდგენილი ინფრასტრუქტურით. წალენჯიხას ამ შენობის სახით ახალი და ძალიან ლამაზი შენობა შეემატება. რაც მთავარია სამუშაოებზე 20-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული“ - აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ შენობის დათვალიერების შემდეგ.
კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და 680 ათასი ლარი დაიხარჯება. პროექტი გარდამავალია და ახალი კულტურის სახლი წალენჯიხას მომავალ წელს ექნება.