ახალი ამბები
მარულა 2016 - აღდგენილი ტრადიციები
სამეგრელოში მარულას ტრადიციის აღდგენა დაიწყო - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენაკში საცხენოსნო შეჯიბრს, „მარულა 2016“ დაესწრო. ღონისძიება, რომელიც სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ემსახურება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს და თითოეულ მონაწილეს ცხენოსნობის აღორძინების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გამოთქვა იმედი, რომ სენაკი გახდება ცხენოსნობის ერთ-ერთი ცენტრი საქართველოში.
საცხენოსნო სანახაობების პარალელურად გაიმართა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში. ასევე წარმოდგენილი იყო რეწვის ნიმუშებისა და სოფლის პროდუქტების გამოფენა. პრემიერ-მინისტრმა სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ მოწყობილი კუთხეები დაათვალიერა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სენაკის იპოდრომზე, საცხენოსნო შეჯიბრებები გაიმართა შემდეგ ტრადიციულ სახეობებში: მარულა, ცხენბურთი, კონკური და ისინდი.
ღონისძიების დაწყებამდე გუბერნატორმა ლევან შონიამ პრემიერ-მინისტრის იპოდრომის გარე პერიმეტრზე განთავსებული ფაცხები დათვალიერებინა, სადაც მეგრული კერძები ადგილზე მზადდებოდა. გაიმართა რეწვის ნიმუშების და სოფლის პროდუქტების გამოფენა.
ღონისძიება, „ახალგზრდობის წლის“ ფარგლებში ჩატარდა, შეგახსნებთ, რომ მიმდინარე წელი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონში ახალგზრდობის წლად გამოაცხადა.
„მარულა 2016“-ის ორგანიზატორები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა არიან.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები: სპორტული რადიო „JAKO“, რადიო „ათინათი“, საინფორმაციო სააგენტოები ipress.ge, smo.ge, newsportal.ge
სამეგრელოში საცხენოსნო კლუბებს მდიდარი წარსული და დიდი ისტორია გააჩნიათ. როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, 1927 წელს ქ. ცხაკაიაში (სენაკი) პირველად ჩატარდა დღესასწაული საცხენოსნო სპორტის სახეობებში: ისინდი, თარჩია, ცხენბურთი, ჩერეზი, მოქნევა, მარულა, ყაბახი, კონკური და სხვა. 1929 წელს გაიმართა ცხენოსნური გადარბენა ქობულეთიდან ცხაკაიაში. 1937 წელს მოეწყო ცხენოსნური გადარბენა აფხაზეთის, სამეგრელოს, ქუთაისის, ცხინვალის, სიღნაღის, ბორჯომის და სხვა რაიონების ცხენოსანთა მონაწილეობით. ცხენოსნურ სპორტში შემდგომ წლებშიც სისტემატურად ეწყობოდა შეჯიბრებები. სენაკის იპოდრომი ათწლეულების მანძილზე მასპინძლობდა მასშტაბურ საცხენოსნო შეჯიბრებებს. 1992-1993 წლების მოვლენების შედეგად მთლიანად განადგურდა სენაკის იპოდრომის ინფრასტრუქტურა.
ცხენოსნობის სხვადსხვა სახეობებში სამეგრელოს არაერთი წარმომადგენელი ჰყავდა, როგორც საქრთველოს ასევე საბჭოთა კავშირის ჩემპიონები. მათ შორის იყვნენ ქალბატონებიც, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო ზუგდიდელი თამარ ჭითანავა, ხოლო საქართველოს ჩემპიონი დარიკო ლაგვილავა.