ახალი ამბები
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიის პორტის მშენებლობის ნებართვა მიიღო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საზღვაო ნავსადგურის I ფაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ საზღვაო და სახმელეთო სამშენებლო სამუშაოების ნებართვა მისცა (N201-04; 30.10.2017).
ამასთან, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საფუძველზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გამოსცა (N77; 27.10.2017).
„აღნიშნული სამინისტროებისგან ნებართვების დროული მიღება საშუალებას გვაძლევს ასევე დროულად და ოპერატიულად დავიწყოთ პორტის სამშენებლო სამუშაოები. ამ ყველაფერს წინ ხანგრლიძვი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა. ჩვენ უამრავი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მოვამზადეთ და თითოეული მათგანი მოცემულ ვადაში ჩავაბარეთ მთავრობას. ამჯერად ყველა საჭირო დოკუმენტი და ნებართვა არსებობს იმისთვის, რომ დავიწყოთ მშენებლობა და სამ წელიწადში ანაკლიის პორტში პირველი გემი მივიღოთ, “ - განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება.